ნათია თურნავა - გიორგი ქობულიას ძლიერი მხარე იყო სტრატეგიების დამუშავება, ახლა დადგა დრო, ეს სტრატეგიები სწრაფად დავიყვანოთ თითოეულ ოჯახამდე
ნათია თურნავა - გიორგი ქობულიას ძლიერი მხარე იყო სტრატეგიების დამუშავება, ახლა დადგა დრო, ეს სტრატეგიები სწრაფად დავიყვანოთ თითოეულ ოჯახამდე

გიორგი ქობულიას ძლიერი მხარე იყო სტრატეგიების დამუშავება, ახლა დადგა დრო, ეს სტრატეგიები უფრო სწრაფად, ეფექტურად დავიყვანოთ თითოეულ ოჯახამდე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. მისი თქმით, არანაირი პრობლემა არ ჰქონია ყოფილ მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე იყო გიორგი ქობულიასთან თანამშრომლობა, მასში ძალიან ძლიერი ეკონომისტი, ძლიერი ანალიტიკოსი, ძალიან ძლიერი სტრატეგი დავინახე, რაც ბუნებრივია, მისი განვლილი გზიდან გამომდინარეა. ჩვენ ვთანამშრომლობდით მთელი რიგი სტრატეგიების შემუშავებაში, კერძოდ, ენერგეტიკის მიმართულებით მევალებოდა მუშაობა სამინისტროში და ის სტრატეგია, რაც არის დასახული ენერგეტიკის მიმართულებით, ერთობლივად შევიმუშავეთ.

ყველაფერს თავდაპირველად უძღვის სტრატეგიის შექმნა და გიორგი ქობულიას ძალიან ძლიერი მხარე იყო სტრატეგიების დამუშავება, შექმნა და ჩამოყალიბება. ამაში ჩვენ ყველანი ვიღებდით მონაწილეობას. ცხადია, ეს არ არის ერთი მინისტრისა და ერთი სამინისტროს ამოცანა. მთლიანად, ეკონომიკური გუნდი აყალიბებს სტრატეგიას. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ახლა დადგა დრო, როდესაც ეს სტრატეგიები უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად უნდა დავიყვანოთ თითოეულ ოჯახამდე, აქ ვხედავ მე ჩემს როლს. არანაირი პრობლემა არ შემქმნია ბატონ გიორგისთან ურთიერთობაში, ბევრი რამ ვისწავლე მისგან და ბევრი ის გადაწყვეტილება, სტრატეგია, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, იქნება ყველაზე წარმატებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.