ნათია თურნავა - გავუფრთხილდეთ ინვესტორებს, საწარმოებს, დღეს ისინი ქმნიან პროდუქციას და ასაქმებენ ადამიანებს
ნათია თურნავა - გავუფრთხილდეთ ინვესტორებს, საწარმოებს, დღეს ისინი ქმნიან პროდუქციას და ასაქმებენ ადამიანებს

ჩვენ უნდა დავიჭიროთ ძალიან სწორი, კარგი ბალანსი ინდუსტრიულ განვითარებასა და გარემოს დაბინძურებისგან დაცვას შორის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, მთავრობისთვის ძალიან მნიშვენლოვანია, განვითარდეს ქართული წარმოება და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, მათ შორის მძიმე მრეწველობის ინდუსტრიაშიც.

„ამავდროულად, ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა, უსაფრთხო ქვეყანა და ჩვენ ისეთივე უსაფრთხოები უნდა ვიყოთ გარემოსდაცვითი ნორმების შესრულების თვალსაზრისით. ამიტომაც, ჩვენი კოლეგები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობენ და სპეციალურად გამკაცრდა კანონმდებლობა.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება კეთდება ახლა ნებისმიერ დარგში. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთშეთანხმებით ინვესტორებთან  ყველა ეს საკითხი გადაწყდება. მაგრამ, ერთიც მინდა ვთქვა, რომ გავუფრთხილდეთ ინვესტორებს, გავუფრთხილდეთ საწარმოებს, ისინი დღეს ქმნიან პროდუქციას და ასაქმებენ ადამიანებს“, – განაცხადა თურნავამ რუსთავში, სადაც კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო.