ნათია თურნავა განმარტავს, ვინ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმით
ნათია თურნავა განმარტავს, ვინ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების მექანიზმით სარგებლობა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ ყველა პირს, ვისაც ბინის შეძენა სურს.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, მექანიზმი ეხება ყველა დეველოპერს, რომელსაც სამშენებლო ნებართვა გააჩნია.

ნათია თურნავას განმარტებით, კონკურსში ის დეველოპერები გაიმარჯვებენ, რომლებიც სახელმწიფოს ასაშენებლ ფართს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებენ.

„ეს მექანიზმები არის ადრესირებული ადამიანების მიმართ, ვინც იძენს ბინას. ეს, პრაქტიკულად, ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს,ზრდასრულს, 18 წელს ვინც არის გადაცილებული. ასევე, მექანიზმი ეხება ყველა დეველოპერს, ვისაც უჭირავს ხელში სამშენებლო ნებართვა. მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, მაგრამ საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებენ ის დეველოპერები, რომლებიც ყველაზე დაბალ, ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებენ თავის ასაშენებელ ფართს სახელმწიფოს.

ეს უნდა იყოს იმ მიზნით, რომ მხოლოდ ფინანსური ხარჯები დაეფაროს, მათ შეძლონ დაფინანსების შეკვრა და არა დეველოპერებისთვის, ზე-მოგების მიღების მიზნით. პირველი კომპონენტი ეხება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი დეველოპერისგან ვისაც სურს, რომ შეიძინოს ბინა, აიღოს საბანკო სესხი და კოვიდის გამო შეექმნა პრობლემები, შეუძლია ამ პროექტით ისარგებლოს“,- განაცხადა თურნავამ.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმიც.

„მაგალითად, სულ მცირე ბინის ღირებულების 10 პროცენტი უნდა ჰქონდეს განხორციელებული, მაგრამ ამავდროულად, 20 პროცენტამდე მიყვება სახელმწიფო, როგორც თანაუზრუნველმყოფი. ეს აძლევს საშულებას, რომ ბანკმა მისცეს სესხი“,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა დაუსრულებელი არ დარჩეს.

„ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებენ“,- დასძინა გახარიამ.