ნათია თურნავა - Fitch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ასახავს გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან
Fitch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კარგი საწინდარი, რომ წლის ბოლოს ქვეყანას ჰქონდეს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, სრულად განულდეს წინა წლის ზარალი და გადავიდეს უფრო მაღალ დონეზე, შეინარჩუნოს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიცია.
„გამოვეხმაურები საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩვენ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი იგივე დაგვიტოვა და პერსპექტივა გაგვიუმჯობესა. ეს არის მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განსაკუთრებით ის განმარტება, რომელიც სააგენტომ წარმოადგინა იმის დასასაბუთებლად, რომ რეიტინგი უნდა გაგვიუმჯობესდეს, ეს არის ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, და ეს არის ზოგადად, გაჯანსაღების პროცესი, რაც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამას ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ და ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. ეს არის ძალიან კარგი საწინდარი, რომ წლის ბოლოს გვქონდეს მართლაც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, სრულად გავანულოთ წინა წლის ზარალი და ეკონომიკის შემცირება, და გადავიდეთ უფრო მაღალ დონეზე, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიცია რეგიონში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
Fitch-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტომ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამით საქართველო პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
ინფორმაციის თანახმად, რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტომ დაასახელა მოსალოდნელზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ძლიერი და დამაჯერებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომლის საფუძველი გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა.