ნათია თურნავა - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არის საკითხი, რომელზეც ყველამ კომპლექსურად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ
ნათია თურნავა - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არის საკითხი, რომელზეც ყველამ კომპლექსურად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არის მართლაც ძალიან დიდი საკითხი, რომელზეც ყველამ კომპლექსურად უნდა ვიზრუნოთ, რადგან ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აწუხებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა ლარის კურსზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მთავრობამ ბოლო წლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგადამხდელო ბალანსი და საგარეო სავაჭრო სალდო გაუმჯობესებულიყო.

„ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არის მართლაც ძალიან დიდი საკითხი, რომელზეც ყველამ კომპლექსურად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ, რადგან ბუნებრივია, ეს არის ის საკითხი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აწუხებს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტი ჯერ კიდევ დიდი მოცულობით გვაქვს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გაუმჯობესებულიყო საგადამხდელო ბალანსი, საგარეო სავაჭრო სალდო, კერძოდ, ექსპორტი. მათ შორის ქართული წარმოების ექსპორტი 2020 წელს არ შემცირებულა და გაიზარდა 3,5%-ით, მთლიანობაში, ექსპორტი რეექსპროტის ჩათვლით უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე იმპორტი, ეს იწვევს საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ყველა უწყება თავიანთი პასუხისმგებლობების ფარგლებში მუშაობს ამ საკითხზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ასევე კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტით განისაზღვრა.

„ესეც არის ერთ-ერთი აპრობირებული ბერკეტი, რომ უფრო მეტი განჭვრეტადობა გვქონდეს და ნაკლები რისკი, რომ ლარის კურსი გაუფასურდება, ანუ სწორი გადაწყვეტილებაა ამ შემთხვევაში. ეკონომიკისთვის ძალიან კარგია ყველაფერი, რაც განჭვრეტადობას გაზრდის. ლარის კურსის მერყეობა ასევე არის საკმაოდ დიდი პრობლემა ჩვენი ბიზნესებისთვის, შესაბამისად, ეს აპრობირებული მეთოდია. მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ბერკეტი, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს და ჩვენც გამოვიყენეთ, რათა უფრო ნაკლები რისკი და გაუთვალისწინებელი დიდი რყევები იყოს, თუნდაც სავალუტო ბაზარზე, მაგრამ მთავარი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამისთვის საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს არის ჩვენი ქართული ექსპორტის ზრდა. სწორედ ექსპორტის ზრდა იქნება ეს სასაქონლო ექსპორტი, თუ მომსახურების ექსპორტი, იგივე მაგალითად ტურიზმი, არის მთავარი და სწორი წყარო, რომელიც არა მხოლოდ ლარის კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს, არამედ მთლიანობაში ჩვენს ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.