ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი მიჰყვება თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად არ ვამყარებთ ლარს
ეროვნული ბანკი მიჰყვება თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად არ ვამყარებთ ლარს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისვე თქმით, დღეს ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ კეთილსაიმედოა, შეიძლება, იყოს მცირე რყევები, რომლებიც ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული.
„ეროვნული ბანკი მიჰყვება თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად არ ვამყარებთ ლარს და ამას ვერც გავაკეთებთ, ისევე, როგორც ვერცერთი მცირე ზომის, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ის, რაც დღეს ამყარებს ჩვენს ლარს, ეს არის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, როგორებიც არის ძლიერი ეკონომიკური ზრდა, საგარეო ანგარიში. ეს არის შედარებით მცირედით გაუმჯობესებული დეფიციტი და ეს არის საკმაოდ კარგი, ეფექტური მონეტარული პოლიტიკა და მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ნდობა ფინანსური ბაზრის მიმართ გამყარდა, ლარის მიმართ გამყარდა და, აქედან გამომდინარე, ეს აისახება ლარზე. ყველაფერი, რაც ხდება საგარეო ბაზრებზე სხვა ვალუტებთან მიმართებით, ესეც აისახება ლარის კურსზე, თუმცა უფრო მეტად – ჩვენი საკუთარი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები. დღეს ეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, რომ შეიძლება, მცირე რყევები იყოს, როგორიც გასულ წელს გახლდათ – ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებით და ბაზრის აღქმებით განპირობებული. მთლიანობაში, ეკონომიკური გარემო არის მყარი, არის კეთილსაიმედო და, აქედან გამომდინარე, ლარიც მეტ-ნაკლებად უფრო მყარი არის და ეს გაგრძელდება“, – განაცხადა თურნავამ.