ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი კვლავაც დარჩება დამოუკიდებელ ინსტიტუტად, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის
ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი კვლავაც დარჩება დამოუკიდებელ ინსტიტუტად, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის

ეროვნული ბანკი კვლავაც დარჩება დამოუკიდებელ ინსტიტუტად, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად ძალას არ დაიშურებს.

„ჩვენს გუნდთან ერთად, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა მეტად განმტკიცდეს, ჩვენი ფინანსური სისტემა ყოველთვის მდგრადი და ძლიერი იყოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მეტად გაძლიერდება თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის სავალუტო ფონდთან, საფინანსო ინსტიტუციებთან სხვადასხვა პროგრამისა და რეფორმის განხორციელების საქმეში.

„ბუნებრივია, მჭიდრო კომუნიკაციაში ვიქნებით მთავრობასა და ეკონომიკურ გუნდთან ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში“, – დასძინა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა სებ-ის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია განისაზღვრა. სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ნათია თურნავა ახალ თანამდებობას 2023 წლის 22 ივნისიდან დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ქალი შეასრულებს.