ნათია თურნავა - ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია „ტეპკომ“ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა
ნათია თურნავა - ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია „ტეპკომ“ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა

გლობალური ეკონომიკის რეცესიაში შესვლის მიუხედავად, როცა ბიზნესაქტივობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია „ტეპკომ“ (TEPCO) საქართველოში ინვესტიცია განახორციელა. ეს არის საქართველოში იაპონიის მხრიდან განხორციელებული უმსხვილესი პირდაპირი ინვესტიცია. ენერგეტიკა იყო და არის პრიორიტეტი და ტოპმიმზიდველი სექტორი ინვესტორებისთვის, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 100-წლოვანი ისტორიის მქონე უმსხვილესი იაპონური ენერგეტიკული კორპორაციის, „ტეპკოს“ (TEPCO) შვილობილი კომპანია (TEPCO Renewable Power) „დარიალი ჰესის“ მეწილე გახდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, იაპონური კორპორაციის ოფიციალური რელიზის თანახმად, „ტეპკომ“ საქართველოში ინვესტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი და სანდო დარგობრივი პოლიტიკის სიმტკიცეში დარწმუნდა. საქართველო, ვიეტნამის შემდეგ, მეორე ლოკაციაა, სადაც „ტეპკო“ ენერგეტიკის სექტორში ინვესტორის სტატუსით შემოვიდა.

„TEPCO RP-მ საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელი ბიზნეს და ენერგეტიკული პოლიტიკის გამო გადაწყვიტა. კომპანია განსაკუთრებულ მადლობას უხდის Invest in Georgia-ს გუნდს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მთლიანად მთავრობას, რომლებიც სამი წლის განმავლობაში მუდმივად გვიწევდნენ დახმარებას და ნათლად დაგვანახეს მონდომება და სურვილი, რომ ინვესტორებისთვის სასურველი გარემო შექმნან. ჩვენ ასევე გვსურს აღვნიშნოთ ქართველი პარტნიორები, გამყიდველი კომპანია, კონსულტანტები და ყველა მხარე, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პირობებშიც ყველაფერი გააკეთეს, რათა მოლაპარაკებები დროულად და წარმატებით დასრულებულიყო“, – ნათქვამია კომპანიის რელიზში, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ „ტეპკოს“ მფლობელობაში არსებული ენერგოსადგურების ჯამური წლიური გამომუშავება შეადგენს 220 მილიარდ კვტ.სთ-ს, რაც 17-ჯერ აღემატება საქართველოში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. კორპორაციას ფილიალები აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათ შორის, მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.