ნათია თურნავა - ეკონომიკურ გუნდს პრემიერისგან დავალებული აქვს აქცენტის გაკეთება სტრატეგიულად მნიშვნელოვან წარმოებებზე და დარგებზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკურ გუნდს პრემიერისგან დავალებული აქვს აქცენტის გაკეთება სტრატეგიულად მნიშვნელოვან წარმოებებზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებზე. ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკური გუნდის მინისტრების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დინამიურად იცვლება ვითარება და აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთულია და ეს სირთულე ზოგადად, ახასიათებს ამ გამოწვევას გლობალურადაც, რომ წინასწარ დასახო გრძელვადიანი გეგმა. მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ პულსზე ხელი გვიჭირავს, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბიზნესთან, ვაკვირდებით მიმდინარე პროცეებს და ადეკვატურად, წერტილოვნად ვრეაგირებთ.
ერთი დიდი მიმართულება, რაც ჩვენ, ეკონომიკურ გუნდს დავალებული გვაქვს პრემიერ-მინისტრისგან და რაზეც ვიმსჯელეთ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ეს არის აქცენტის გაკეთება სტრატეგიულად მნიშვნელოვან წარმოებებზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებზე. ეს ეხება სოფლის მეურნეობას და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორს. ეს ეხება ისეთ მოთხოვნად და აუცილებელ წარმოებას, როგორიცაა თუნდაც პირბადეების ადგილობრივი წარმოება, სადეზინფექციო ხსნარების წარმოება, ხელთათმანმების წარმოება. ანუ, ისეთი სახის წარმოება, რომლის საჭიროებაც აქამდე ასე მწვავედ არ იდგა, მაგრამ მთლიანად მსოფლიომ დაინახა, რაოდენ მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ამ დამცავი საშუალებების ადგილობრივი წარმოება იყოს უზრუნველყოფილი.
და რა თქმა უნდა, საექსპორტო დარგების განვითარება, რადგან პირველი დარტყმა, რაც მიადგა ჩვენს ეკონომიკას, ეს არის, ტურიზმი, ისეთი სფეროები, რომელიც იყო ძირითადად სავალუტო ნაკადების შემომტანი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ამის შევსება აუცილებელია იმის ხარჯზე, რომ მეტად განვითარდეს საექსპორტო ინდუსტრიები.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როდესაც მსოფლიო, რომელიც ესოდენ კონსოლიდრებულია, გადალახავს ამ გლობალურ გამოწვევას – ვირუსს, შემდეგ საექსპორტო დარგები მთელი დატვირთვით ამუშავდება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.