ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდაშია ჩართული, ჟანგბადით მომარაგების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება
ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდაშია ჩართული, ჟანგბადით მომარაგების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობის პროცესში არის ჩართული.

მისივე თქმით, სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით არავითარი პრობლემა არ შეიქმნება.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩართულია საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და ასევე მარაგების შექმნის თვალსაზრისით.
პანდემიის დაწყებისთანავე, მაგრამ განსაკუთრებით ამ შემოგდომაზე მეორე ტალღის დროს არის პრაქტიკულად, სამჯერ გაზრდილი სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება სამედიცინინო დაწესებულებების მიერ.

კერძოდ, 80 ტონას დღეში აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც ჩვეულებრივ დროს გვქონდა პანდემიის დაწყებამდე.
ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვმუშაობთ ერთი, რომ არ შეიქმნას დეფიციტი და მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ არანაირი პრობლემა სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით არ შეიქმნება. ეს კეთდება იმ მიმართულებით, რომ დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება.

ჩვენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავეხმარეთ რამდენიმე ჟანგბადის წარმოებას, რომ თავისი პოტენციურ სიმძლავრეებზე გასულიყო, ახალი დანაგდარები დაემონტაჟებინა, ან მწყობრიდან გამოსული შეეკეთებინა და სერიოზულად გაიზარდა ადგილობრივი წარმოება სამედიცინო ჟანგბადის.

გარდა ამისა, დავინახეთ, რა არის საჭიროება, ოპერატიულად მთავრობასთან შეთანხმებით შევიძინეთ, თურქეთში მდებარე ქარხანაში ათი ახალი ჟანგბადის დიდი სიმძლავრის გენერატორი თავისი კომპრესორით, თითო დღეში ერთი ტონა ჟანგბადს აწარმოებს. აქედან ორი დანადგარი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. დეკემბრის შუა რიცხვებში, 17 დეკემბერს ველოდებით, რომ კიდევ 6 დანადგარი შემოვა თურქეთიდან და უკვე წინასწარ ვიცით, რომ აქედან სამი დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც საკუთარი სიმძლავრეები აქვთ, მაგრამ იმისთვის, რომ სრულად იყო ყველა საჭიროება უზრუნველყოფილი და კიდევ სამი, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დამონტაჟდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ეს პრობლემა იქნება ასევე გადაჭრილი და დარჩენილი დანადგარები, როდესაც ჩამოვა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, გადავანაწილებთ.

ასევე ხელი შევუწყეთ კერძო კლინიკებს, თავად შემოეტანათ ეს დანადგარები და გაეზარდათ სიმძლავრეები. გარდა იმისა, რომ ეს პრობლემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „კოვიდის“ დროს და განსაკუთრებით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების მკურნალობის დროს ჟანგბადით მომარაგება არის სრულად გადაწყვეტილი და ამ კუთხით ვერავინ ვერ იგრძნობს დეფიციტს, ასევე მე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ იმ გაზრდილი მოთხოვნიდან, 80 -ზე მეტი ტონიდან დღეში პრაქტიკულად, 90 პროცენტი უკვე ადგილობრივი წარმოებით იფარება. ეს არის ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ჟანგბადი.
შეგახენებთ, რომ პერიოდულად პრემიერის დავალებით, მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ერთვება იქ, სადაც საჭიროება არის და შეგვიძლია ადგილობრივი წარმოებით გადავწყვიტოთ პრობლემა – ეს პირველ ეტაპზე იყო პირბადეები, როდესაც მთელს მსოფლიოში დეფიციტი იყო, ჩვენ არე ვაგრძნობინეთ არცერთი დღე მოსახლეობას პირბადეების დეფიციტი, ჩვენ დავეხმარეთ საწარმოებს, აეწყოთ ადგილობრივი წარმოება სადეზინფექციო ხსნარების, სხვა აუცილებელი საშუალებების, კომბინიზონებისა და თუ სხვა სახარჯი მასალების, რაც სჭირდება სამედიცინო სექტორს და ახლა ეს არის ადგილობრივი ჟანგბადით მომარაგება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.