ნათია თურნავა - ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა დიდწილად შეუწყობს ხელს პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდგენას
ნათია თურნავა - ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა დიდწილად შეუწყობს ხელს პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდგენას

ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა იქნება დოკუმენტი, რომელიც დიდწილად შეუწყობს ხელს პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდგენას და არამარტო პოსტპანდემიურ პერიოდში, არამედ უახლოესი 10 წლის განმავლობაში იქნებ ქართული ეკონომიკის განვითარების გზამკვლევი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, აღნიშნული ინიციატივა ქართული ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ჩავერთოთ გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმის შემუშავებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ქართული ბიზნესისთვის, რადგან მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ქვეყნის კერძო ბიზნესისთვის და მათ შორის საქართველოს ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საშუალო ვადაში და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმაზომიერი განვითარება და განჭვრეტადობა. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დიდწილად შეუწყობს ხელს პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდგენას და არამარტო პოსტპანდემიურ პერიოდში, არამედ უახლოესი 10 წლის განმავლობაში იქნება ქართული ეკონომიკის განვითარების გზამკვლევი. ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ ჩართულები ამ დოკუმენტის მომზადებაში“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს.