ნათია თურნავა - ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა
ნათია თურნავა - ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა

ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა, ეკონომიკის ვარდნის ტემპი იკლებს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, 2020 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელთან დაკავშირებით.

სტატისტიკური მონაცემებით, თანახმად, ეკონომიკური დაღმასვლის ტემპი ორჯერ შენელდა  და 7.7 პროცენტი შეადგინა. მაისში ეკონომიკის შემცირება 13,5 პროცენტი, ხოლო აპრილში 16,6  პროცენტი იყო.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაზე. მისი თქმით, 2020 წლის ივნისში სამთო-მომპოვებელმა სექტორმა პოზიტიური დინამიკა აჩვენა.

„წინა წლის ივნისთან შედარებით, სექტორი გაზრდილია. ესეც მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რადგან ჩვენ, პანდემიის მიუხედავად, არ შეგვიზღუდავს ეს მნიშვნელოვანი სისტემა, შემქმნელი სექტორი და ამიტომაც პოზიტიური მაჩვენებლები მივიღეთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტრო ხაზს ისვამს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი – 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7 პროცენტით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, აღნიშნული რიცხვი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ შედეგი უკვე გამოიღო და ეკონომიკა თანდათან გადალახავს პანდემიით გამოწვეულ უარყოფით გარემოს.