ნათია თურნავა - „ეიპიემ ტერმინალს" აქვს უფლება, სამინისტროს გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს
ნათია თურნავა - „ეიპიემ ტერმინალს" აქვს უფლება, სამინისტროს გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ეიპიემ ტერმინალს” აქვს უფლება სამინისტროს გადაწყვეტილება 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით, სამართლებლივ ჭრილში განიხილოს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფოთის პორტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინვესტორია.

ეიპიემ ტერმინალი” არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამული ინვესტორი. ის მნიშვნელოვან კოტრიბუციას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკის განვითარებაში. ფოთის პორტიც უმნიშვნელოვანესი ობიექტია ჩვენთვის და ძალიან ვაფასებთ მის წვლილს. რა თქმა უნდა, უფლება აქვთ სამართლებლივ ჭრილში განიხილონ ჩვენი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, მათთან ურთიერთობა უნდა იყოს კანონთან შესაბამისობაში. ყველა დარღვევა რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, უნდა აღმოიფხვრას. სხვაგვარად ეს არ ეკადრება არც ამ გლობალურ ინვესტორს და არც ეკონომიკის სამინისტროს. ამასთან, ნებისმიერ ასეთ განცხადებას განვიხილავთ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში. კვალავაც ვადასტურებთ სტრატეგიულ მიმართებას ანაკლიის პორტთან, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ამ კონტექტში განვიხილავთ, ზოგადად ქვეყანაში საპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის განვითარებას”, – განაცხადა თურნავამ.

ეიპიემტერმინალმა” გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას აანალიზებს და განიხილავს შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომლებსაც შესაძლოა, მიმართოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.