ნათია თურნავა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში 12 უმსხვილესი ბანკი ჩაერთო
ნათია თურნავა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში 12 უმსხვილესი ბანკი ჩაერთო

საკრედიტო-საგარანტიო სქემა სასტუმრო ბიზნესისთვის, ტურისტული ინდუსტრიისთვის ახალი დაფინანსების მიღების შესაძლებლობაა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში საქართველოს 12 კომერციული ბანკი ჩაერთო. ბანკებთან შესაბამისი მემორანდუმები გაფორმდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ღონისძიებას ნათია თურნავა დაესწრო, ხელშეკრულებებს მთავრობის მხრიდან სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა,  მიხეილ ხიდურელმა მოაწერა ხელი.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება 20 ივნისის მოვლენების შემდგომ მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ტურისტულ ბიზნესს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

„ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც დავეხმარებოდით ტურისტულ ბიზნესს, რომ შეგვერბილებინა ნეგატიური ზემოქმედება, რაც პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და შემდგომ რუსეთის მხრიდან ფრენების შეწყვეტამ მოუტანა. გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება და მისი გადაწყობა ძირითადად ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70 პროცენტამდე გარანტირებას, რაც გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ქვეყნის 12 უმსხვილესი ბანკი ერთვება, რაც პრაქტიკულად საბანკო სისტემის 99 პროცენტია“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი შეფასებით, ეს არის შესაძლებლობა სასტუმრო ბიზნესისთვის, ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის – მიიღონ ახალი დაფინანსება, ახალი სესხები ბიზნესის გასაფართოებლად ან ახლის დასაწყებად.

„ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არამარტო შევინარჩუნოთ დღევანდელ დონეზე ჩვენი ტურისტული ინდუსტრია მიუხედავად უდიდესი დარტყმისა, არამედ შევინარჩუნოთ განვითარების ტემპიც“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.