ნათია თურნავა - დღემდე ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ფრენა გვქონოდა, თუმცა პრიორიტეტი არის ჩვენი ერის ჯანმრთელობა, მოქალაქეების დაცვა ვირუსისგან
ნათია თურნავა - დღემდე ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ფრენა გვქონოდა, თუმცა პრიორიტეტი არის ჩვენი ერის ჯანმრთელობა, მოქალაქეების დაცვა ვირუსისგან

დღემდე ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ფრენა გვქონოდა რაც შეიძლება მეტ ქალაქთან, თუმცა პრიორიტეტი ჩვენი ერის ჯანმრთელობა, ჩვენი მოქალაქეების დაცვაა ვირუსისგან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, კორონავირუსის გამო რისკის მატარებელ ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტაზე მთავრობაში მსჯელობენ.

ფრენებთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ გლობალურმა საავიაციო ინდუსტრიამ თვითონ შეზღუდა ფრენები და აქტივობები. ეს შეეხო იმ რეისებსაც, რომლებიც სრულდება საქართველში. გარდა ამისა, ჩვენი მთავრობისა და საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, რაც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით არის შექმნილი და პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევწყვიტეთ პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, შევწყვიტეთ პირდაპირი ფრენები ირანთან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომელიც შესაძლოა, რისკის მატარებელი იყოს, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არ არის მარტივი, რადგან ჩვენ დღემდე ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ფრენა გვქონოდა რაც შეიძლება მეტ ქალაქთან. თუმცა, არსებობს უპირატესული პრიორიტეტული ამოცანა – ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ერის ჯანმრთელობა, ჩვენი მოქალაქეების დაცვაა ვირუსისგან, პრევენციაა. აქედან გამომდინარე, ეს თემები არის მსჯელობის საგანი.

როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას, შტაბის სახელით გვექნება კომუნიკაცია შესაბამის ავიაკომპანიებთან და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა თურნავამ.