ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, ტაილანდში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.
ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან, იერუნ კლიკსა და მარნიქს ვან რეისთან, ასევე შეხვდება ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი IMF-ის ორგანიზებით და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის, ჯიჰად აზურის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს Governor Talk სესიაში, სადაც გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ინფლაციური გამოწვევების პირობებში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე, ინფლაციის მართვაზე, დედოლარიზაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავენ ჩინეთის ცენტრალური ბანკის მმართველთან, ასევე ნათია თურნავა შეხვდება არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველს. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებიც.
ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.