ნათია თურნავა - დავრწმუნდი, რომ სავაჭრო ობიექტებში პროდუქტის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობს და მომარაგება შეუფერხებლად ხდება
ნათია თურნავა - დავრწმუნდი, რომ სავაჭრო ობიექტებში პროდუქტის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობს და მომარაგება შეუფერხებლად ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონიმიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად მათ წინაშე არსებული გამოწვევები, პრევენციული ზომები და სავაჭრო ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხარძიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, მთავარი განსახილველი საკითხი ობიექტებში არსებული პროდუქციის მარაგი იყო, რასთან მიმართებითაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა თქმით, პრობლემა არ არსებობს.

„პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ მარაგებთან დაკავშირებით და დავრწმუნდი, რომ ამ კუთხით, პრობლემა პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არ არსებობს და მომარაგება ხდება შეუფერხებლად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე მსჯელობა შედგა სავაჭრო ობიექტებში სანიტარიულ-ჰიგიენური დაცვის ზომებზე და ამ მხრივ მათ კიდევ ერთხელ მიეცათ რეკომენდაციების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან.

„სავაჭრო ცენტრები მზად არიან, ვირუსის გავრცელების პრევენცია კიდევ უფრო მეტად მოახდინონ თავიანთ ქსელებში. ის ობიექტები, ვინც ვაჭრობს დისტანციურად, ფიქრობენ, როგორ გააძლიერონ ამ კუთხით ინფრასტრუქტურა და ნაკლები კონტაქტის მეშვეობით მოხდეს ვაჭრობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ ზოგადად სხვა გამოწვევებზე, რაც მთლიანად ეკონომიკას და დარგს უდგას. რაც მთავარია ვხედავთ, რომ მარაგების მომარაგების თვალსაზრისით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, ობიექტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში და წუხილის საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა ისაუბრეს პრევენციის ზომებზე, რომლებიც მათ უკვე მიიღეს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და ასევე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ისინი სამომავლოდ მიიღებენ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ პრევენციულ ზომებზე, როგორიცაა სავაჭრო ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების დანერგვა, უკონტაქტო ვაჭრობის სერვისების განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. გადაწყდა, რომ მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამომავლოდ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.