ნათია თურნავა - დანიური კომპანია საქართველოში ინჟინრების გადამზადების ტრენინგებს დააფინანსებს
ნათია თურნავა - დანიური კომპანია საქართველოში ინჟინრების გადამზადების ტრენინგებს დააფინანსებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, დანიური კომპანია „Danfoss“-ი საქართველოში ინჟინრების გადამზადების ტრენინგებს დააფინანსებს.

​„Danfoss“-ი ცნობილი და ტრადიციული კომპანიაა. მას შემდეგ, რაც კომპანიაში შეიტყვეს, რომ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკულ რეფორმას და მიღებულია კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, სურვილი გამოხატეს, უახლოეს მომავალში თავისი წარმომადგენლები გამოგზავნონ და ინვესტიციის განხორციელებისა და წარმოების გადმოტანაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, დააფინანსონ ტრენინგები ქართველი ინჟინრებისთვის. აღნიშნული კადრები მომავალში შესაძლოა, „Danfoss“-ის საწარმოში დასაქმდნენ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ დანიურ კომპანია „Danfoss”-ის ტოპ-მენეჯმენტთან ონლაინ-შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, დანიური კორპორაციის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს, თუმცა მანამდე „Danfoss“-ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც ქართველ ახალგაზრდა ინჟინრებს გადაამზადებს.

საინჟინრო კადრების მომზადება – გადამზადების პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს. გაეცნონ და დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხოლო სტაჟირება დანიური კომპანიის „Danfoss“-ის საწარმოებში გაიარონ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.