ნათია თურნავა - დადგა მომენტი, როდესაც ყველა ქვეყანამ გაიაზრა, რომ საკუთარ რესურსს უფრო უნდა ეყრდნობოდეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც ნიშნავს, რომ გასული სამი წლის განმავლობაში საშუალოდ აღებული მათი წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატოს 20 მილიონ ლარს. ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
თურნავას თქმით, სწორედ ბრუნვა არის ის მთავარი პირობა, რომელიც მეწარმემ უნდა დააკმაყოფილოს, თუ სურს, სახელმწიფომ ბანკთან უშუამდგომლოს.
„პრაქტიკულად, თითქმის ყველა დარგზეა საუბარი. გამოვრიცხეთ პირველადი სოფლის მეურნეობა. ეს არის ძალიან დიდი პრიორიტეტი, მაგრამ ამაზე მიმართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფორმატში განხორციელებული პროგრამები. დანარჩენი დარგების უმრავლესობა ჩვენთვის არის მისაღები, დარგების რაოდენობაც გავზარდეთ. თუ ნორმალურ ვითარებაში 104 დარგი იყო დაფარული ჩვენი პროგრამით, ახლა საუბარი არის 211 სხვადასხვა ინდუსტრიაზე. ასევე, ეს უნდა იყოს ის კომპანიები, რომელთაც წინა პერიოდში არ ჰქონდათ სერიოზული დავალიანება ან გაპრობლემებული სესხი. ესეც სამართლიანი მოთხოვნაა, რადგან ჩვენ ახლა აქტიურად ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს იმის გამო, რომ მათ გადალახონ კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები და ეს მეტ-ნაკლებად ჯანსაღი ბიზნესები უნდა იყოს და არა ის, ვინც აქამდეც გაპრობლემებული იყო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მან ასევე დააკონკრეტა, რომ ამ ბიზნესებს მაქსიმუმ ხუთი მილიონი ლარის სესხი უნდა ჰქონდეთ.
„ესეც გავზარდეთ, აქამდე ორ მილიონ ლარზე იყო საუბარი და ახლა ხუთი მილიონია. ასევე, ახალი სესხის მოზიდვის შესაძლებლობაც ეძლევათ მათ. ჩვენ გავაფართოვებთ დარგები ყველა პროგრამაში და ტრადიციულ პროგრამაში, რომელიც ეხება ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირებას და აქ მართლაც გავაორმაგეთ დარგების რაოდენობა. პირველი და მთავარი ეს არის ქართული წარმოება ისეთი პროდუქციის, რომელსაც აქვს იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი და რომელსაც აქვს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების პოტენციალი. ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, კვების ინდუსტრია, სასმელების ინდუსტრია და საშენი მასალების ინდუსტრიაც. აქ თავისი ქვედარგებიც არის, საშენი მასალათა ინდუსტრიაც ძალიან ფართეა, დაწყებული ქართული არმატურით და ლითონის ნაწარმით და დამთავრებული ქართული სამშენებლო კერამიკით და მოსაპირკეთებელი ქვებით. ძალიან დიდი პოტენციალი გაგვაჩნია და უნდა გამოვიყენოთ.
ჩვენი დახმარებით ისეთ პროდუქტს შექმნის ჩვენი ბიზნესი, რომელიც არც ხარისხით არც კონკურენტიუნარიანობით არ ჩამოუვარდება იმპორტულ ანალოგებს. ასევე იცით, რომ ვაღორძინებთ ქართულ შაქარს. იგივე პროდუქტები გვაქვს პურ-ბურღულეულზე, ზეთთან დაკავშირებით, ქართულ მეთევზეობასთან დაკავშირებით, საკონსერვე მრეწველობასაც შეგვიძლია დავეხმაროთ. დადგა მომენტი, როდესაც ყველა ქვეყანამ გაიაზრა, რომ საკუთარ რესურსს უფრო უნდა ეყრდნობოდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.