ნათია თურნავა - ჩვენი კარი ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ კონსტრუქციულ პლატფორმაზე, ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რათა ჩაერთონ, გააკეთონ „ნამახვანჰესის“ პროექტის რევიზია
ნათია თურნავა - ჩვენი კარი ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ კონსტრუქციულ პლატფორმაზე, ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რათა ჩაერთონ, გააკეთონ „ნამახვანჰესის“ პროექტის რევიზია

მოწოდებები, რომ ჩაიშალოს, გავაგდოთ ინვესტორი, გაჩერდეს, არ ავაშენოთ, არ არის ჩვენი ლექსიკა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს, ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით განუცხადა.

აქციაზე ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნის გაჟღერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ აქცია გასცდა ეკოლოგიურ საკითხებს და ადგილზე პოლიტიკური მოთხოვნები ისმოდა.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია, რომ გუშინდელ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან, წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები და რა საკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. მაგრამ მაინც მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც“, განაცხადა ნათია თურნავამ.

​მინისტრის თქმით, შეთავაზებულია ოთხპუნქტიანი გეგმა.

„მათ შორის არის ხელახალი კვლევების გადახედვა და მანამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევა, არდაწყება, ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, მეტი ჩართულობა როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში და ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდაც ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე. ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რათა ჩაერთონ, გააკეთონ ამ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც უკვე გაკეთებულია. ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი და ასეთი მოწოდებები, რომ ჩაიშალოს, გავაგდოთ ინვესტორი, გაჩერდეს, არ ავაშენოთ, ეს არ არის ჩვენი ლექსიკა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს. ჩვენ ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.