ნათია თურნავა - ჩვენ ვმართავთ დღევანდელ პროცესს, მაგრამ ვიყურებით წინ, რომ მერე რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღორძინება
ნათია თურნავა - ჩვენ ვმართავთ დღევანდელ პროცესს, მაგრამ ვიყურებით წინ, რომ მერე რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღორძინება

ჩვენ ვმართავთ დღევანდელ პროცესს, მაგრამ ვიყურებით წინ, რომ მერე რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღორძინება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკაში შექმნილი გამოწვევები და შესაძლო პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევა გარკვეულ პერსპექტივასაც ქმნის და პანდემიის დასრულების შემდეგ მთელი რიგი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები იკვეთება. თუმცა, ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რათ კრიზისი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აქცენტი ეკონომიკის აღდგენაზე გადავიდეს.

„ჩვენი ქმედებები შედგება ორი ნაწილისგან. ჩვენ დღეს, ეპიდემიოლოგიურად რომ ვთქვათ, პიკში ვიმყოფებით და ბოლომდე არ ვიცით, ეს პიკი გავლილია თუ არა. ჩვენ მედიკოსებს ვუსმენთ ყოველდღე და ყველაფერი არის დამოკიდებული, რამდენად პასუხისმგებლიანად მოიქცევა საზოგადოება უახლოესი რამდენიმე კვირა. მართალია, სხვადსხვა ტაქტიკას და სტრატეგიას მოითხოვს დღევანდელი ხანძრის ჩაქრობის ეტაპი და შემდეგ უკვე ამოქოქვის ანუ პოსტკრიზისული ეტაპი, მაგრამ ერთი მეორესთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. პირობითად რომ ვთქვათ, რამდენადაც გავიჭირვებთ ახლა და შევძლებთ რაც შეიძლება ეფექტურად და მოკლე პერიოდში გადავლახოთ კორონავირუსით გამოწვეული ეს კრიზისი, მით უფრო სწრაფად დავუბრუნდებით ჩვეულ ტემპს და შევძლებთ ეკონომიკის ამოქოქვაზე საუბარს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ პარალელურად და პრინციპში საკმაოდ წარმატებულადაც ვმუშაობთ, რათა ეს კრიზისი ვმართოთ და არ დავუშვათ ეპიდემიის გავრცელება, გავაკეთოთ მთავარი აქცენტი პრევენციაზე, რადგან ვერც ერთი ჩვენზე გაცილებით მდიდარი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ აღმოჩნდა ბოლომდე მზად, ამ ვირუსს გამკლავებოდა. მაგრამ ამავდროულად არ გვაქვს ფუფუნება, რომ მხოლოდ ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული. პრემიერ-მინისტრმა უკვე გასცა განკარგულება და ჩვენ ყველანი ერთად, ექსპერტებთან, ბიზნესებთან ერთად უკვე ვმუშაობთ პოსტკრიზისულ გეგმაზე. ორი პარალელური პროცესია. ჩვენ ვმართავთ დღევანდელ პროცესს, მაგრამ ვიყურებით წინ, რომ მერე რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღორძინება“, – განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პანდემიის მსგავსი გამოწვევა მსოფლიოს აქამდე არ ჰქონია, კრიზისის დაძლევასა და შემდგომი განვითარების გარანტიებზე წინასწარ ვერ ისაუბრებს. თუმცა, მინისტრის თქმით, ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობის დღემდე გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანი გამოდგა.

„შემიძლია, გითხრათ, რომ აქამდე მოვედით საკმაოდ წარმატებულად. თუკი რამე ნაბიჯი იქნა გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, ყველა სწორედ ეფექტურ, სწრაფ წინმსწრებ რეაგირებას ისახავდა მიზნად. ანუ ჩვენ წინასწარ ვხედავთ პრობლემას, რომელიც ჯერ არ დამდგარა და რამდენიმე ნაბიჯით წინ ვართ, სხვებზე ადრე ვრეაგირებთ. სხვათა შორის, გამოხმაურება იყო 14-მდე სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან, ვინც ჩვენ გვაფასებს კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით და ეს შეფასებებიც სწორედ ამას ასახავს, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი იყო სწრაფი, ეფექტური. წინასწარ განვჭვრიტეთ პრობლემები, სანამ გაღრმავდა და ამით მოვიგეთ დრო“, – განუცხადა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორს“.