ნათია თურნავა- ჩვენ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ტურიზმის სფეროში და არავინ არ უნდა დააყენოს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ
ნათია თურნავა- ჩვენ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ტურიზმის სფეროში და არავინ არ უნდა დააყენოს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ

ჩვენ ვართ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ტურიზმის სფეროში და არავინ არ უნდა დააყენოს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კახეთში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა და ეკონომიკური გუნდი გააძლიერებს მუშაობას მარკეტინგული კუთხით იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო არის მშვიდობიანი ქვეყანა.

„ჩვენ ამ მესიჯს ყველგან გავაჟღერებთ, მათ შორის რუსი ტურისტების გასაგონადაც. აუცილებლად დავარწმუნებთ მათ, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს ჩვენთან ვინმეს რამე ემუქრება. ველით რუს ტურისტებს აქ. მეორე მიმართულება რაზეც ვმუშაობთ, ეს არის ლოგისტიკური გამარტივება, რადგან ვიცით, რომ მიუხედავად ამ სირთულისა, რუსი ტურისტების ნაწილი არ ცვლის გეგმებს და აპირებს საქართველოში დასვენებას, უბრალოდ უწევთ შემოვლითი გზებით ჩამოსვლა და ჩვენ ლოგისტიკურ გამარტივებას ვფიქრობთ. ზოგადად უფრო მეტი მარკეტინგი იქნება იმ მიმართულებით, რომ საქართველო არის მშვიდობიანი ქვეყანა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, ზარალი, რომელიც შეიძლება ქვეყანამ მიიღოს რუსული ე.წ ავიაემბარგოს შემთხვევაში ორ მილიარდ ლარს აღემატება.

„რა ინფორმაციაც გამაჩნია, ეს არის რომ ზარალი, რომელიც შეიძლება ამ დესტაბილიზაციის შედეგად და რუსი ტურისტის დაკარგვის გამო მივიღოთ, ორ მილიარდ ლარზე მეტია. არსებობს საჭიროება ბაზარზე რუსი ტურისტის შენარჩუნების”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.