ნათია თურნავა - ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი „ევროკონტროლის“ წევრებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით
ნათია თურნავა - ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი „ევროკონტროლის“ წევრებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ევროკონტროლთან“ თანამშრომლობით, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის, დაინერგა ღია ცის პრინციპები. სწორედ ეს რეფორმები გვეხმარება, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ჩვენი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა დღეს ძალიან ბევრ ქვეყანასთან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი „ევროკონტროლის“ წევრებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით. სწორედ ამ როლის აღიარებაა ის, რომ აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის წევრებმა ერთხმად მეორე ვადით დაამტკიცეს“, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭო წარმოადგენს უწყების მმართველ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს „ევროკონტროლის“ მიერ განსაზღვრული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის აღსრულებას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი „ევროკონტროლის“ მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად პირველი ვადით 2019 წელს აირჩიეს. მიმდინარე კენჭისყრის შედეგად, ლევან კარანაძე აღნიშნულ პოსტზე საქმიანობას მომავალი ორი წლის ვადით გააგრძელებს.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL) არის საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის კუთხით. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. გარდა ამისა, „ევროკონტროლი“ ორიენტირებულია ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მოქნილ სარგებლობაზე, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ეფექტური, უფრო ეკონომიური, გარემოსადმი კეთილსასურველი და ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებაზე. საქართველო „ევროკონტროლის“ წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა.

დატოვე კომენტარი