ნათია თურნავა - ჩვენ უკვე გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ დაახლოებით 15 თებერვლიდან უფრო გააქტიურდებიან ავიაკომპანიები და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა გაიზრდება
ნათია თურნავა - ჩვენ უკვე გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ დაახლოებით 15 თებერვლიდან უფრო გააქტიურდებიან ავიაკომპანიები და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა გაიზრდება

ჩვენ უკვე გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ დაახლოებით 15 თებერვლიდან უფრო გააქტიურდებიან ავიაკომპანიები და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა გარკვეულწილად მოიმატებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, ქვეყანაში შემოსვლისა და საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის მკაფიო, გააზრებული წესები არსებობს.

„იცით, რომ სხვადასხვა წერტილოვანი შეზღუდვა მოიხსნა პირველ თებერვალს, მათ შორის საერთაშორისო ფრენებზე და ჩვენ უკვე გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ დაახლოებით 15 თებერვლიდან უფრო გააქტიურდებიან ავიაკომპანიები და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა არა კრიტიკულად, გამომდინარე იქედან, რომ ჯერ კიდევ პანდემიაა და რთულია მოგზაურობა, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ძალიან ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვეყანაში შემოსვლის და ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს წესებიც გარკვეულწილად შემსუბუქდა. ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან რეზიდენტი, ვისაც აქვს სრულყოფილი ვაქცინაციის მოწმობა თავისი ქვეყნის მიერ გაცემული, უპირობოდ და ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში. ასევე, გვაქვს დადგენილი ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური „პისიარ“ ტესტის პასუხით და ვალდებულია, საქართველოში მესამე დღეს კვლავ ჩაიტაროს ტესტირება.

როგორც თავის დროზე განვაცხადეთ, ამ ქვეყნების სია გადაიხედება ხოლმე. იცვლება გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ასევე იმ ამოცანებიდან, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშე დგას. ჩვენი ამოცანაა, რომ ჟანგბადი ჩავასუნთქოთ ტურისტულ ინდუსტრიას და დაიწყოს ნელ-ნელა ამოქოქვა“, – განაცხადა თურნავამ.