ნათია თურნავა - ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგება
ნათია თურნავა - ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგება

ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

ამასთან, მისი განმარტებით, „როსავიაციის“ მიერ „სიბირის ავიახაზებისთვის“ („ეს-7“) მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვის მიცემა ფრენების აღდგენას არ ნიშნავს.

„თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის.

რა ფაქტსაც ასახელებთ, ეს გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით. ჯერჯერობით, ეს არ ნიშნავს ფრენების აღდგენას. ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენს საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ ვიმეორებ – ჩვენ მივესალმებით, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„როსავიაციამ“ „სიბირის ავიახაზებს“ („ეს-7“) მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განკარგულება 15 ოქტომბრით თარიღდება.

დატოვე კომენტარი