ნათია თურნავა - ჩვენ ერთნაირად მკაცრი ვართ კანონდარღვევის შემთხვევებში, რადგან ეს არის საწინდარი, უსაფრთხოდ გავხსნათ ეკონომიკა, პრივილეგირებული ადამიანები არ არსებობენ
ნათია თურნავა - ჩვენ ერთნაირად მკაცრი ვართ კანონდარღვევის შემთხვევებში, რადგან ეს არის საწინდარი, უსაფრთხოდ გავხსნათ ეკონომიკა, პრივილეგირებული ადამიანები არ არსებობენ

ჩვენ ვართ ერთნაირად შეურიგებელი და მკაცრი ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ რომელიმე საჯარო მოხელე არღვევს კანონს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა დასმულ კითხვას: „ვიცით, რომ არ შეიძლება ქორწილების, დაბადების დღეების გადახდა, თუმცა ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისუფლად იხდიან ქორწილს, თქვენთან მოდის თუ არა მსგავსი ტიპის ინფორმაცია, ან თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ადამიანი დაჯარიმდა“.

მინისტრის თქმით, კონკრეტულ სტატისტიკაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ ვითარება ყველა შემთხვევაში ერთნაირდ კონტროლდება და პრივილეგირებული ადამიანები არ არსებობენ.

„სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, შეგიძლიათ მოიკითხოთ შესაბამის ორგანოებში. ჩვენ ვართ ერთნაირად შეურიგებელი და მკაცრი ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება (მე არ ვიცი, თქვენ ვის გულისხმობთ) რომელიმე საჯარო მოხელეს და ის არღვევს კანონს, ეს არის განსაკუთრებით მიუღებელი. გვერწმუნეთ, რომ ჩვენ ერთნაირად ვაკონტროლებთ ამ სტიუაციას, რადგან ეს არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენ უსაფრთხოდ გავხსნათ ეკონომიკა, ბაზრობები, რესტორნები, სავაჭრო ქსელები და არანაირი პრივილეგირებული ადამიანები ამ კუთხით არ არსებობენ. თქვენ თუ გაქვთ რამე ინფორმაცია, უნდა გაასაჯაროვოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.