ნათია თურნავა - ჩინეთის საზღვაო უმაღლესი სასწავლებლები ქართველ სტუდენტებს უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებენ
ნათია თურნავა - ჩინეთის საზღვაო უმაღლესი სასწავლებლები ქართველ სტუდენტებს უფრო მეტ სტიპენდიას შესთავაზებენ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრისგან დაპირება მივიღე, რომ საქართველოსა და ჩინეთის საზღვაო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამები გაფართოვდება და ქართველ სტუდენტებს მეტ სტიპენდიას შესთავაზებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან, ლი სიაოფენგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ლი სიაოფენგთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი, მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარება იყო.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვაო განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამები უკვე დაწყებულია და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტი უკვე სთავაზობს ქართველ კურსდამთავრებულებს სტიპენდიებს.

„დღეს კი დაპირება მივიღეთ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრისგან, რომ არსებული გაცვლითი პროგრამები უფრო გაფართოვდება და საზღვაო უმაღლესი სასწავლებლები უფრო მეტ სტიპენდიებს შესთავაზებენ ქართველ სტუდენტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს ლი სიაოპენგს ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.