ნათია თურნავა ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა
ნათია თურნავა ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

სამინისტროს ცნობით, ტურიზმში არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხები ნათია თურნავამ დღეს ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესთან ერთობლივი საუბარი გამოსავალზე, რომელიც შეარბილებს ნეგატიურ ეფექტს, რაც გამოწვევის სახით აქვს ტურიზმის ინდუსტრიას.

„ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ სხვადასხვა გამოსავალზე, ვიმსჯელეთ, როგორ დავეხმაროთ მათ ლოგისტიკაში – იქნება ეს ახალი ფრენები, ჩარტერები, გარკვეული ტრანსფერების დაფინანსება, საფინანსო მხარდაჭერა და ჩვენი არსებული ფინანსური მექანიზმების ამისთვის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ დარგი დაბალანსებულად უყურებს პროცესს, საუბარია როგორც სხვადასხვა ბაზრიდან ტურისტების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებზე, ასევე ტრადიციული ბაზრის და მათ შორის რუსული ბაზრის შენარჩუნებაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო გახსნილი, სტუმართმოყვარე და უსაფრთხო ქვეყანაა, მათ შორის რუსი ტურისტებისთვისაც.