ნათია თურნავა - ბიზნესი ჩვენი პარტნიორია ისევე, როგორც ჩვენ ვართ ბიზნესის პარტნიორი
ნათია თურნავა - ბიზნესი ჩვენი პარტნიორია ისევე, როგორც ჩვენ ვართ ბიზნესის პარტნიორი

ბიზნესი ჩვენი პარტნიორია ისევე, როგორც ჩვენ ვართ ბიზნესის პარტნიორი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

კორონავირუსის გამოწვევის წინაშე მთელმა საზოგადოებამ საოცარი კონსოლიდაცია გამოავლინა და მინდა, ამისთვის ყველას, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. ბიზნესი არის ჩვენი პარტნიორი. ისევე, როგორც ჩვენ ვართ ბიზნესის პარტნიორი და ახლა, ერთმანეთს ვაძლიერებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა არ გაღარიბდეს და ეს გამოწვევა ყველამ ერთად გადავიტანოთ. ბიზნესი ძალიან გაგებით ეკიდება ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას. ყველა ხვდება, რომ რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ეს გადაწყვეტილებები ერთი მთავარი მიზნისკენ არის მიმართული – კორონავირუსის გავრცელებისგან დავიცვათ საქართველო, ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა თურნავამ.

ამ განცხადებით ნათია თურნავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად დგას სახელმწიფოს გვერდით ბიზნესი ამ მძიმე ვითარებაში, ფინანსური შემოწირულობების და არსებული ფასების შენარჩუნების კუთხით. მისი თქმით, მთავრობა ბიზნესთან ყოველდღიურ რეჟიმშია კონტაქტზე და მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ გადაინაწილონ სიმძიმე ისე, რომ დასაქმება მაქსიმალურად შენარჩუნდეს და პერსონალი არ დაზარალდეს.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბიზნესმა რესურსი გამონახა და ფინანსური შემოწირულობების, თუ სხვა აქტივობების კუთხით სახელმწიფოს გვერდით დაუდგა, მიუხედავად მძიმე გასაჭირისა, როცა გარე ბაზრებზე და ეპიდემიით გამოწვეული პრობლემების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა.

„ახლა ისეთი დროა, ერთად უნდა ვიდგეთ და ეს მართლაც ასეა. შექმნილ მდგომარეობას ყველა გაგებით ეკიდება, გვეხმარება და გვერდით გვიდგას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.