ნათია თურნავა - აზერბაიჯანი-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ ურთიერთსავაჭრო ბრუნვა, მათ შორის აზერბაიჯანში ქართული ექსპორტი
ნათია თურნავა - აზერბაიჯანი-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ ურთიერთსავაჭრო ბრუნვა, მათ შორის აზერბაიჯანში ქართული ექსპორტი

აზერბაიჯანი ჩვენთვის არის ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აზერბაიჯანი-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„ბოლო წლების მანძილზე აზერბაიჯანი ნომერ პირველი ინვესტორია, რომელიც ამ წლებში, როგორც ქვეყანამ, ინვესტიციის სახით საქართველოში 2.6 მილიარდი დოლარი ჩადო. საინტერესოა, რომ აქედან თითქმის ნახევარი ჩაიდო ბოლო ხუთ წელში, ანუ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ჩვენ შორის საინვესტიციო მოცულობები.

გარდა ამისა, როგორც სავაჭრო პარტნიორი, პერმანენტულად ტოპ ათეულშია. ბოლო წლებში, 2020 წელს იყო მეოთხე სავაჭრო პარტნიორი თავისი მნიშვნელობით, ახლა ამ რვა თვეში არის მეხუთე ადგილზე თავისი სავაჭრო ბრუნვით. ეს არის ძალიან კარგი, პოზიტიური დინამიკა, მიუხედავად პანდემიისა, მაგრამ არ არის საკმარისი და სწორედ ამაზე იყო საუბარი ჩვენს ერთობლივ კომისიაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი-საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ათი წელია, არ ჩატარებულა. როგორც თურნავამ აღნიშნა, სხდომაზე განიხილეს, როგორ გაზარდონ ქვეყნებმა ურთიერთსავაჭრო ბრუნვა, მათ შორის ქართული ექსპორტი აზერბაიჯანში.

„კარგია, რომ კომისია ჩატარდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. 10 წელია, არ ჩატარებულა, ახლა ჩავატარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მოასწავებს იმას, რომ ორივე მხარე მზად არის, მეტად მოხდეს ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა. განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ ურთიერთსავაჭრო ბრუნვა, მათ შორის ქართული ექსპორტი აზერბაიჯანში. ეს შეეხება როგორც საცემენტო კლინგერს, ასევე მეტალურგიის პროდუქციას, არმატურას, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციას. ვსაუბრობდით იმაზე, იყოს თანაბარი მიდგომები, არადისკრიმინაციული მიდგომა და ეს აბსოლუტურად პოზიტიურად არის აღქმული ჩვენი კოლეგების მხრიდან.

წლების მანძილზე ჩვენ გვაკავშირებს არა მხოლოდ წმინდა პრაგმატული, პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა. იყო ძალიან საინტერესო საუბარი ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ურთიერთობების უფრო მეტად გაფართოებაზე, რადგან აზერბაიჯანი წლების მანძილზე არის ჩვენი ნომერ პირველი მიმწოდებელი როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით. გავაცანით მათ ჩვენი გეგმები შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადაცემის კაბელის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, რითიც ევროკავშირის ბაზარს მივუერთდებით და დავპატიჟეთ, ამ პროექტში მონაწილეობა მიიღონ. ძალიან დიდი ინტერესით მოეკიდნენ საკითხს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.