ნათია თურნავა - აშშ-ის დახმარებით ვიწყებთ ხუთწლიან პროგრამას ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
ნათია თურნავა - აშშ-ის დახმარებით ვიწყებთ ხუთწლიან პროგრამას ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

გორში, ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

ხუთწლიან პროექტს „შპს დელოიტ ქონსალთინგი“ აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 15, 7 მილიონი აშშ დოლარია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

პროგრამის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იღებდნენ მონაწილეობას.

„აშშ-ის მთავრობა, ტრადიციულად, გვეხმარება ენერგეტიკული რეფორმის გატარებასა და ქართული ენერგეტიკის განვითარებაში. მათი დახმარებით ძალიან მნიშვნელოვანი, ხუთწლიანი პროგრამა იწყება დღეს, რომელსაც ეწოდება საქართველოს ენერგეტიკული მომავლისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი რეფორმების, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გავხადოთ სრულად დამოუკიდებელი, ძლიერი, დაყრდნობილი საკუთარ რესურსზე და ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, რაშიც დაგვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის აუცილებელია საკუთარი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება – ეს არის ჰიდროსადგურები, ქარისა და მზის სადგურები და განახლებადი ენერგიის სხვა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის.

„ცხადია, უნდა გვქონდეს აქტიური ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ვაპირებთ, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დასაკავშირებლად, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი წყაროები უნდა გვქონდეს და ვიყოთ ძალიან ძლიერები ამ თვალსაზრისით. ამიტომ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რაზეც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის არის ადგილობრივი ენერგიის წყაროებზე დაყრდნობილი ახალი სადგურების განვითარება, კიბერუსაფრთხოება, რაც ჩვენი ქსელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახთან ხარისხიანად, გამართულად, ყოველგვარი წყვეტის გარეშე მივიტანოთ ელექტროენერგია და ამისთვის ჩვენი ქსელებიც განვითარდეს“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.