ნათია თურნავა - ანაკლიის პროექტი ისევე სტრატეგიულია, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების პროექტები იყო
ნათია თურნავა - ანაკლიის პროექტი ისევე სტრატეგიულია, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების პროექტები იყო

ანაკლიის პროექტი სტრატეგიულია ისევე, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების პროექტები იყო ერთ-ერთი მთავარი, რამაც ჩვენ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ნებისმიერი მსხვილი რეგიონალური პროექტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, ჩვენს უსაფრთხოებას და სტაბილურობას აამაღლებს. ამიტომ არის ანაკლიის პროექტი სტრატეგიული ისევე, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მილსადენების პროექტები იყო ერთ-ერთი მთავარი, რამაც ჩვენ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანა. ამ პროექტებმა საქართველოს ტერიტორიები გაიარა, მაგრამ ეს პროექტები არ არის საქართველოს კუთვნილება. ეს არის რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები და მის უსაფრთხოებაში მთელი დერეფნის ქვეყნებია დაინტერესებული. იგივეა ანაკლიასთან მიმართებაშიც. 

იგივე „სილქ როუდ“ ფორუმი ვახსენე და იქ ძალიან ბევრი ქვეყანა საუბრობდა იმაზე, რამდენად დაინტერესებული არიან, რომ საქართველოში სწრაფად აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი. ეს უკვე მათ ინტერესშია და არა მხოლოდ ჩვენს ინტერესში. ამიტომ, როცა ასეთი მასშტაბის რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი შენდება, ის თავისთავად სტრატეგიულია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ მიმზიდველობას, პოზიციას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას განამტკიცებს და აამაღლებს“, – განაცხადა თურნავამ.

ამ განცხადებით მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რაში მდგომარეობს ანაკლიის პროექტის სტრატეგიულობა.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ალექსანდრე ცაგარელის შეკითხვაზე, იქნება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან მეტი დანახარჯი, ვიდრე ის ბენეფიტი, რასაც სტრატეგიულობა მოიტანს, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი სამი და ხუთი წლის უკუგების პროექტი არ არის და ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, მაგრამ ეს არის პორტი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„იმ მოგებით და გადანაწილებით, რასაც დღეს ინვესტორს ვთავაზობთ, ეს პროექტი მიმზიდველია. რა თქმა უნდა, ეს არ არის სამი და ხუთი წლის უკუგების პროექტი. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, მაგრამ ეს არის პორტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი