ნათია თურნავა - ანაკლიის პორტის პროექტის მეტი გადავადება და დაყოვნება სახელმწიფო ინტერესებს ავნებს
ნათია თურნავა - ანაკლიის პორტის პროექტის მეტი გადავადება და დაყოვნება სახელმწიფო ინტერესებს ავნებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სწორია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის პროექტს მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეწყდა არსებული ხელშეკრულება. ეს გადაწყვეტილება პრინციპში აბსოლუტურად ლოგიკურია, ვინაიდან ამ პროექტს ჩვენ 2017 წლიდან უპრეცედენტო დახმარებას ვუწევთ. პროექტი არაერთხელ გადავადდა და რეალურად იმ პირობების თანახმად, რა პირობებითაც მოხდა თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, ჩვენ 2020 წელს უკვე ოპერირებადი, მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, ადამიანები დასაქმებული, ტვირთები ასე ვთქვათ, უნდა ყოფილიყო გადამუშავებული და ძალიან ბევრი სიკეთე, რაც მოყვება ამ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, და არ მოხდა იმის გამო, რომ ეს არის სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა, რადგან ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც სახელმწიფომ, მთავრობამ გამოუცხადა ასეთი მაღალი მხარდაჭერა – დაწყებული იურიდიული გარანტიებით, და ეს ერთადერთი პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია მოხსენიებული, დამთავრებული ფინანსური, ორგანიზაციული და სხვა სახის მხარდაჭერით.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სწორია. ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტი და ჩვენ აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ უკვე ამ ინვესტორის გარეშე, რადგან ამ ინვესტორთან მოცემული პროექტის გაგრძელების რესურსს ვერ ვხედავთ. მეტი შანსი, მეტი გადავადება და მეტი დაყოვნება შეუძლებელია ამ პროექტისა და ავნებს სახელმწიფო ინტერესებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ახალი ტენდერის პროცესში სანდო, ეფექტური ინვესტორის გამოვლენა მოხერხდება.

„ჩვენ არაერთი დაზუსტება შევიტანეთ, 2017 წლიდან დღემდე მოყოლებული, უშუალოდ ხელშეკრულებაში. დღევანდელი ხელშეკრულება არსობრივად განსხვავებულია იმისგან, თუ რა პირობებით იყო ტენდერზე გატანილი 2017 წელს. ეს ცვლილებები ძირითადად ინვესტორის სასარგებლოდაა გაკეთებული. აქედან გამომდინარე, არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ და გადავახალისოთ ეს შესაძლებლობები, გავხადოთ ის კიდევ უფრო ადეკვატური დღევანდელი დღისა. 2017 წლიდან მოყოლებული, ბევრი რამ შეიცვალა, ზოგადად გლობალურადაც, რეგიონშიც, და ეს რეალიები იქნება გათვალისწინებული და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ახალი, გადახალისებული პირობებით ხელახალი ინვესტორის ძებნის პროცესს ჩვენ შეუფერხებლად დავიწყებთ. ისევ და ისევ გამჭვირვალედ და კონკურენტულ ვითარებაში. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, არის სტრატეგიული არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ის მიეკუთვნება იმ რეგიონულ პროექტთა რიცხვს, რომელიც ზოგადად განამტკიცებს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი ტენდერის პროცესში შევძლებთ, სანდო, ეფექტური ინსვესტორის გამოვლენა მოვახერხოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.