ნათია თურნავა აცხადებს, რომ სამომხმარებლო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით სტაბილიზაციის პროცესი წლის ბოლომდე დაიწყება
ნათია თურნავა აცხადებს, რომ სამომხმარებლო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით სტაბილიზაციის პროცესი წლის ბოლომდე დაიწყება

ჩვენ არ ვიმყოფებით ჩვეულებრივ ვითარებაში. არის გლობალური პანდემია, რომელიც წინა საუკუნეშიც არ გვახსოვს. შესაბამისად, ამას მოჰყვება გლობალური ეკონომიკური სირთულეები. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეკონომიკა არ გავაჩერეთ, ვითარდება და მართლაც უპრეცედენტო ზრდაა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„რას ნიშნავს ეს ზრდა რიგითი ადამიანებისთვის და ცალკეული ოჯახებისთვის. პირველ რიგში იმას, რომ ადამიანები აღარ დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ანუ ხელფასები, საარსებო წყარო, ეს წყარო იარსებებს უფრო მზარდად, რადგან განვითარებული ბიზნესი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს. ეს ნიშნავს, რომ სავალუტო შემოდინება ქვეყანაში კვლავაც შენარჩუნდება და ხედავთ, რომ ჩვენი ექსპორტი, ტურიზმი იზრდება მიუხედავად სირთულისა. ასე თუ ისე, ჩვენ ჩავატარეთ სეზონი. ეს იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი ლარი იყოს მეტად სტაბილური, რაც აქამდე იყო დიდი გამოწვევა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კითხვაზე, როდის აისახება ეკონომიკური ზრდის ტენდენცია სამომხმარებლო პროდუქტების ფასების შემცირებაზე, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სტაბილიზაციის პროცესი წლის ბოლომდე დაიწყება.

„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე უკვე დაიწყება სტაბილიზაციის პროცესი. ეს არ არის მარტო ჩვენი პროგნოზი, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომ ინფლაციური პროცესები უფრო შემცირდება, რადგან, თუნდაც იმის გამო, რომ ლარი სტაბილურია, იმპორტული საქონელი კურსთა სხვაობის გამო აღარ გაძვირდება, ეს ფაქტორი მოიხსნება. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა ფაქტორი ისეთ პროდუქტებზე, რომელსაც ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ, იგივე ნავთობპროდუქტები. საწვავის ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება, მაგრამ იმ კომპონენტში, იმ ნაწილში, რაც იყო დაკავშირებული კურსთა შორის სხვაობასთან, ეს ზეწოლა მოიხსნება.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, უახლოეს რამდენიმე თვეში თანდათან ეს აისახება სხვადასხვა პროდუქტზე. თუმცა მზად ვართ, ამაზე პრემიერმა ისაუბრა არაერთხელ, უფრო აქტიურად ჩავერიოთ იმ სასაქონლო ჯგუფებში, რომელიც მეტად მტკივნეულია მოსახლეობისთვის. მაგალითად, საუბარია მედიკამენტების ფასებზე, სადაც ვფიქრობთ, რომ არ არის მთლად ეკონომიკური ფაქტორებით დასაბუთებული ფასების ის მაღალი ზრდა, რასაც ვხედავთ. აქ შესაბამისი სტრუქტურები, იგივე ანტიმონოპოლიური სამსახური ალბათ უფრო სერიოზულად ჩაიხედება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.