ნათია თურნავა აცხადებს, რომ ხვალ გაიმართება პრეზენტაცია, სადაც დეველოპერების პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრებენ
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ხვალ გაიმართება პრეზენტაცია, სადაც დეველოპერების პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ გაიმართება პრეზენტაცია, სადაც დეველოპერების პრობლემების გადაჭრაზე იქნება საუბარი.

ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებს პარლამენტში, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, დეტალებზე დღეს ვერ ისაუბრებს.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, უფრო მეტი დეტალი გითხრათ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, ამ სექტორში დასაქმებულს, ძალიან გაუხარდება ეს დეტალები, მაგრამ არ მივცემ თავს უფლებას. ხვალ გვაქვს ძალიან დიდი პრეზენტაცია და მაშინ მოისმენთ. მაგრამ, ეს არის დახმარება დიდი სეგმენტის, ეს არის დახმარება ბინათმშენებლობის, ეს არის დახმარება ძალიან ბევრი ადამიანის, ვისაც ჰქონდა სურვილი, რომ შეეძინა ბინა და გაეუმჯობესებინა თავისი საცხოვრებელი პირობები. დღეს ეს უკვე ფუფუნების საგანი არ არის რეალურად, საკმაოდ ხელმისაწვდომია ბოლო წლებში ბინათმშენებლობა და მათი შემოთავაზებები. მაგრამ ვირუსის გამო, იმის გამო ბანკები აღარ აძლევენ სესხება, იმის გამო რომ ძალიან რთულია ამის გადახდა, იმის გამო რომ რისკები გაიზარდა ან მათ შეუმცირდათ შემოსავლები, ამას ვერ ახერხებენ. აი სწორედ ამ პრობლემის გადასაწყვეტად იქნება ხვალინდელი პრეზენტაცია“,- განაცხადა თურნავამ.