ნათია თურნავა აცხადებს, რომ გადაადგილებაზე მოქმედ შეზღუდვასთან დაკავშირებით იმსჯელებენ
ნათია თურნავა აცხადებს, რომ გადაადგილებაზე მოქმედ შეზღუდვასთან დაკავშირებით იმსჯელებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გადაადგილებაზე მოქმედ შეზღუდვასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებით დიდ სიფრთხილეს იჩენენ.

„ძალიან მიხარია, რომ უკვე პრობლემა არ რის, ჩამოვლენ თუ – არა ტურისტები, ჩვენი ყველას ერთობლივი ძალისხმევით ტურისტები უკვე ჩამოდიან. რა თქმა უნდა, მათ უნდათ, რომ მეტი დრო გაატარონ თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაში, ქუჩებში გაისეირნონ, ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგან შეზღუდვებს შორის, რაც ჯერჯერობით დარჩა ჩვენს ხელთ. ამიტომ, ჩვენ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ დღის წესრიგში დგას და მომავალში მივუბრუნდებით ამ საკითხს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ მიეცემათ კერძო კომპანიებს შესაძლებლობა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თვითონაც შემოიტანონ, თურნავა აცხადებს, რომ, პირველ რიგში,  აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

„პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა. დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა არჩევანი ალბათ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ქვეყანაში საწვავის ფასის ზრდას, როგორც თურნავა აცხადებს, ეს მსოფლიო ბაზარზე არსებულ  ნავთობპროდუქტების ფასებთან არის დაკავშირებული.

„უსასრულო ენერგია“ ნამდვილად არ არის ჩემი შვილის კომპანია. ეს არის ტყუილი. რაც შეეხება ბენზინის ფასს, ბენზინის ფასები ძალიან დიდად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნავთობზე და ნავთობპროდუქტების ფასებზე. სამწუხაროდ, არის ზრდის ტენდენცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. პირველ რიგში, რაც არის გაკეთებული, ესაა საკმაოდ დიდი კონკურენცია, რაც არსებობს ამ ბაზარზე. კონკურენცია არის თავისთავად იმის გარანტია, რომ ფასები ძალიან სწრაფად ნამდვილად არ გაიზრდება, რადგან ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.