ნათია თურნავა აცხადებს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობის მაღალი მასშტაბის შემთხვევაში, საქართველო დამოკიდებული იქნება არა საკუთარ პოლიტიკაზე, არამედ მეზობლების ნება-სურვილზე
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობის მაღალი მასშტაბის შემთხვევაში, საქართველო დამოკიდებული იქნება არა საკუთარ პოლიტიკაზე, არამედ მეზობლების ნება-სურვილზე

არავინ ამბობს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მაგრამ საუბარია მასშტაბებზე, რა დოზით ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, თუ რომელიმე პირი ან ორგანიზაცია აცხადებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, თურნავას განცხადებით, ის ან შეცდომაშია შეყვანილი ან ემსახურება რომელიმე სხვა ენერგოიმპორტიორი და ენერგოექსპორტიორი ქვეყნის ინტერესებს.

„არავინ ამბობს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ზოგჯერ გვესმის ასეთი უტრირება, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვივაჭროთ ელექტროენერგიით. რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვავითარებთ ქსელებს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რეგიონულ ენერგობაზარში მეტად ვიყოთ ინტეგრირებული, გვაქვს ჩვენ იმპორტი და ექსპორტი ოთხივე მეზობელ ქვეყანასთან, მაგრამ საუბარია მასშტაბებზე. საუბარია იმაზე, რა დონითა და დოზით ვიქნებით მომავალში იმპორტზე დამოკიდებული. იმ დონით და იმ დოზით თუ გავხდით დამოკიდებული, რა ციფრებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს უკვე არის საფრთხის შემცველია ჩვენი ეკონომიკისთვის. გამოდის, რომ ვიქნებით დამოკიდებული არა ჩვენს საკუთარ პოლიტიკაზე გარკვეული მიმართულებით, არამედ ჩვენი მეზობლების ნება-სურვილზე. მაგალითად, ელექტროენერგიის ფასები მოსახლეობისთვის და ადგილობრივი მომხმარებლისთვის იქნება დამოკიდებული არა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზე, როგორი ეკონომიკური ვითარება იქნება მეზობელ ქვეყნებში და როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა ექნებათ.

მოგეხსენებათ, ეს ნიშნავს, რომ კრიტიკულ შემთხვევაში, ჩვენი ენერგოსისტემის ავარიული გამორთვის დროს, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ მომხმარებლების მომარაგებას ელექტოენერგიით ერთი საათის განმავლობაშიც კი. ზოგჯერ გვესმის, რომ ევროპაში ევროკავშირის ქვეყნები არ ზრუნავენ ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე. ესეც არასწორი მსჯელობაა. ევროპის 29 სახელმწიფო ტექნიკურად დღეს მზად არის საკუთარი ენერგორესურსებით, იმპორტის გარეშე უზრუნველყოს მოსახლეობის 99,9%. აქ საუბარია ევროპაზე, სადაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები არის ბევრად უფრო მეტად ჰარმონიული და არა ისეთ რეგიონზე, ტურბულენტურ რეგიონში, რომელშიც ვიმყოფებით. მე მინდა ვთქვა იმ მოსახლეობის გასაგონადაც, ვინც ჩვენ გვისმენს. თუკი ვინმე, რომელიმე პირი, ორგანიზაცია დაჟინებით ქადაგებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირი და ორგანიზაცია ან შეცდომაშია შეყვანილი, ან არ ემსახურება ქართულ ინტერესებს. ემსახურება რომელიმე სხვა ქვეყნის, ენერგოიმპორტიორი ქვეყნის, ენერგოექსპორტიორი ქვეყნის, კომპანიების ინტერესებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად, ესწრებიან ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები.