ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბეირუთის ტრაგედიისა და შვიდი წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბეირუთის ტრაგედიისა და შვიდი წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა

ბეირუთის ტრაგედიისა და შვიდი წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ექსპორტიორი ქვეყანა ამ შემთხვევაში პასუხს ვერ აგებს.

„საუბარი არის ამონიუმის გვარჯილაზე, აზოტოვან სასუქზე, რომელსაც წლებია, უკვე საქართველოც აწარმოებს და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, თუ კი მისი მოხმარების და შენახვის ტექნოლოგია დაცული არაა, შეიძლება საკმაოდ სავალალო შედეგებიც მივიღოთ. საუბარია, რომ 2013 წელს მოხდა ამ გემის დატვირთვა ამ პროდუქციით ჩვენს ერთ-ერთ პორტში უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი საზღვაო ადმინისტრაცია, ჩვენი პორტები არაერთ უმაღლეს შეფასებებს იღებენ, მათ შორის აშშ-ის უმაღლესი სტრუქტურებიდან უსაფრთხოების წესების დაცვაზე. ეს იყო შვიდი წლის წინ. ე.ი. შვიდი წლის განმავლობაში ვინ შეიძინა, რა ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა გემს, რა პირობებში იყო ეს საქონელი შენახული და ასე შემდეგ, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს. აქედან გამომდინარე, მცდელობები, რომ რაიმენაირად დავაკავშიროთ ეს სავალალო ფაქტი, რის გამოც ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ, შვიდი წლის წინ ჩვენთან დატვირთულ გემთან, არის უსაფუძვლო“,- განაცხადა თურნავამ.

ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას 135 ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-მდე კი დაშავდა.