ნათია თურნავა - 2021 წელს ჩვენ გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა
ნათია თურნავა - 2021 წელს ჩვენ გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა

2021 წელი იყო თვისობრივად განსხვავებული, ვიდრე წინა, 2020, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით პანდემიასთან ბრძოლის სხვა, უფრო ეფექტური მეთოდი, საზღვრებისა და ეკონომიკის ჩაკეტვის გარდა და შესაბამისად, გაჩერებულ ეკონომიკასაც ვერაფრით ვეხმარებოდით წერტილოვანი სუბსიდიების გარდა. ამ თვალსაზრისით, 2021 წელი გახდა ნამდვილი გარღვევის ეტაპი, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას.

მინისტრმა შეაფასა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე.

„ჩვენ გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – უარი გვეთქვა ჩაკეტვებსა და პანდემიასთან ბრძოლაში გადავსულიყავით უპირატესად ვაქცინაციაზე. შედეგად, გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა. ანუ ყველა გაგებით 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდგომი მშვიდობიანი განვითარების კარგი საწინდარი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.