ნათია სულავა -  პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს 2013 წელს გამოცემულ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებსა და მათ განსაიდუმლოებაზე
ნათია სულავა -  პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს 2013 წელს გამოცემულ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებსა და მათ განსაიდუმლოებაზე

მიხეილ სააკაშვილის ინსინუაციები უადგილო და მიუღებელი, ანაქრონული და უშედეგოა, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთან დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ წამოიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს 2013 წელს გამოცემულ გრიფით საიდუმლო სამართლებრივ დოკუმენტებსა და მათ განსაიდუმლოებაზე.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი ექსპრეზიდენტის ღია წერილს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ არ მოხდა დღემდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება. პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვის და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი, მის გაუქმებამდე. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადაგზავნილ იქნა მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით, 2019 წლის პირველ იანვრამდე მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და მიეღო სხვა შესაბამისი აქტით განსაზღვრული ზომები. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რათა პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული აქტები გადმოსცემოდა, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღემდე არ მიუღია აღნიშნული დოკუმენტები. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, დღეის მდგომარეობით იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებსა და მათ განსაიდუმლოებაზე. ასევე, უნდა ითქვას, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია, პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობასა და მის ადმინისტრაციას, რათა დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია“, – აღნიშნა ნათია სულავამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ღია წერილის შინაარსი უადგილო და მიუღებელია.

„გაუგებარი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ თუ რაზე შეიძლება, მომავალში საქართველოს პრეზიდენტი იყოს გასამართლებული. ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლების თაობაზე და ასევე, შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო და მიუღებელი, ანაქრონული და უშედეგოა, რამეთუ ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთან დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ წამოიწყო. პრეზიდენტმა ბევრჯერ განმარტა, რომ ეს პროცესი ემსახურება ისეთი სახელმწიფოს შენებას, სადაც აღარავის ექნება შიშის განცდა და ვერავინ მიაღწევს, დაშანტაჟებისა და დისკრედიტაციის საფუძველზე მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ შედეგს. ბოლოს, ძალიან უხერხულად ჟღერს ექსპრეზიდენტისგან, რომელმაც საკუთარ მოქალაქეობაზე და ქვეყანაზე უარი თქვა, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დათმო“, – განაცხადა ნათია სულავამ.