ნათია მეზვრიშვილი - უკვე გვაქვს კორონავირუსის შედეგად შედარებით ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევა, რაც უფრო მეტად არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას
ნათია მეზვრიშვილი - უკვე გვაქვს კორონავირუსის შედეგად შედარებით ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევა, რაც უფრო მეტად არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას

ჩვენი ვალდებულებაა, ეპიდემიოლოგებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში გავიაროთ, დღევანდელი გადაწყვეტილებების მიღებისას მათი რეკომენდაციები იყო გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედი წესებისა და გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას.

„ამ ეტაპზე სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა უკვე გვაქვს შედარებით ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების ერთი შემთხვევა, აქამდე მსგავსი პრაქტიკა არ გვქონია. ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვებს შედარებით ადრე ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვდუნდეთ და არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობას აქვს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რადგან ეს პირდაპირი წინაპირობაა, რომ ხვალ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გართულდეს. თუ ვითარება გართულდება, ჩვენ ყველაფრის უკან დაბრუნება და შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოგვიწევს, რაც არავის უნდა და პირველ რიგში ჩვენ, რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვის არის დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.