ნათია მეზვრიშვილი - „თიბისი ბანკზე“ განხორციელებული კიბერთავდასხმის საქმეზე კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
„თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის საქმე არ არის რიგითი, მცირე მნიშვნელობის საქმე, ჩასატარებელია საკმოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი გამოძიებას კონკრეტული შედეგები ექნება, საზოგადოება დამატებით ინფორმაციას მიიღებს.
„ბოლო პერიოდში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოვისმინეთ შეფასებები, რომ გამოძიება გაჭიანურებულია. ეს არ გახლავთ რიგითი, მცირე მნიშვნელობის საქმე. საკმოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი. არაერთხელ ვთქვით, რომ ამოღებულია შესაბამისი კომპიუტერები, რომელშიც დაცული ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს. ეს არ არის ისეთი საქმე რომელზეც ორ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებ და ამით მთავრდება ყველაფერი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და როგორც კი გვექნება კონკრეტული შედეგები, ექპერტიზის პასუხები, საზოგადოებას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა. ხაზარაძის თქმით, 2018 წლის ივნისში ბანკზე კიბერშეტევა განხორციელდა.