ნათია მეზვრიშვილი - ფარები წაართვეს 300-მდე პოლიციელს, კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები
ნათია მეზვრიშვილი - ფარები წაართვეს 300-მდე პოლიციელს, კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს 300-მდე პოლიციელს თავდაცვის ერთადერთი საშუალება – ფარები წაართვეს.

ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეაფასა.

მინისტრის მოადგილე აქციაზე სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ეს უფრო ადრეც შეიძლებოდა მომხდარიყო.

„ამ საკითხზე მინისტრმაც ისაუბრა და სრულად ვიზიარებ ამ მოსაზრებას – ერთადერთი თუკი რამე, ასე ვთქვათ „შეცდომა“ დავუშვით ჩვენ იმ ღამეს – იყო ის, რომ ორი საათის განმავლობაში პოლიცია რისკის ქვეშ დავაყენეთ და გაცილებით ადრე არ დავიწყეთ სპეციალური საშუალებების გამოყენება, რადგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება – ფარები წაართვეს 300-მდე პოლიციელს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიციელი, რომელსაც პასიური თავდაცვის საშუალებები უჭირავს – რეზინის ხელკეტი და ფარი – პოლიტიკოსების მოწოდებებით მასიურ ძალადობას აქვს ადგილი კორდონთან, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტიურდება და აქტიურდება, დაწოლა კიდევ ფრო ძლიერდება პოლიციაზე და პოლიციას უჭირავს მხოლოდ რეზინის ხელკეტი, ფარები – თავდაცვის ერთადერთი საშუალება აღარ აქვს. ახლა ამ პირობებში, უბრალოდ წარმოუდგენელია კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და დაიწყო აქციის შეწყვეტა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიციას სპეციალური საშუალებების გამოყენების სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა, რადგან აგრესიული მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ.

,,კარგად ვიცით, რომ იქ იყვნენ გარკვეული მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც სავსებით, სამართლიან პროტესტს გამოხატავდნენ, მაგრამ ეს ეგზალტირებული, მოძალადე მასა პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდა სხვადასხვა საგნების – რკინის კონსტრუქციების გამოყენებით, წყლით სავსე ბოთლების, პოლიციელებისთვის წართმეული ფარების და აღჭურვილობის გამოყენებით – ეს ხომ ფაქტია. ეს ყველაფერი ხდებოდა იმ დროს, რომელ დროზეც ახლა თქვენ აპელირებთ და რაზეც დაცვის მხარე აპელირებს. შესაბამისად, პოლიციას სრული ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალება. პირველი, როგორც ყველამ ნათლად იხილეთ, მოხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება, ამიტომ ამ თემაზე სხვაგვარი ინტერპრეტაციების გაკეთება უბრალოდ აბსურდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი ნათლად იხილა და სწორად უნდა გამოიტანონ ამასთან დაკავშირებით დასკვნები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.