ნათია მეზვრიშვილი - შსს-ს ეზოში მყოფი ზაზა სარალიძის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას დავიცავთ
ნათია მეზვრიშვილი - შსს-ს ეზოში მყოფი ზაზა სარალიძის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას დავიცავთ

შსს-ს ეზოში მყოფი ზაზა სარალიძის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას დავიცავთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შსს-ს წარმომადგენელებს ზაზა სარალიძესთან მუდმივი კონტაქტი აქვთ.

„ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გამოხატავს პროტესტს მშვიდობიანი ფორმით, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ის შსს-ს ეზოში საკუთარი ინიციატივით იმყოფება, მას შემდეგ, რაც მისივე სურვილით შეხვედრა მოხდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთან და მან შენობა აღარ დატოვა.

ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმებით სამინისტროს ეზოში. დავიცავთ როგორც მის ჯანმრთელობას, ასევე უსაფრთხოებას. ზაზა სარალიძესთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, მან უფრო დეტალებზე საუბარი არ ისურვა. მას პერიოდულად ინფორმაციას ვაწვდით მიმდინარე გამოძიების თაობაზე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.