ნათია მეზვრიშვილი - შერჩევით სამართალზე საუბარი სწორი არ მგონია, ბოლო დღეებში ნახეთ, რომ პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალურია
ნათია მეზვრიშვილი - შერჩევით სამართალზე საუბარი სწორი არ მგონია, ბოლო დღეებში ნახეთ, რომ პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალურია

არ მგონია, შერჩევით სამართალზე საუბარი საკითხისადმი სწორი მიდგომაა, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ნახეთ, რომ პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.

მეზვრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განურჩევლად უდგება საკითხს, დანაშაული ვისი მხრიდან არის ჩადენილი.

„მათ შორის, გუშინ სისხლის სამართლებრივი დევნა ოპოზიციის მხარდამჭერზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დავიწყეთ. არჩევნებისას საქმეების მიმართ როგორი მიდგომაც გვქონდა, ეს საზოგადოებამ კარგად დაინახა. გუშინ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ახალქალაქში გახმაურებულ თავდასხმაზე სამინისტრის რეაგირება თითქოს არ ჰქონდა. არ ვიცი, ეს რისკენ იყო მიმართული, თუმცა თვენახევრის წინ ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, მათ შორის უმრავლესობის მოქმედი დეპუტატის ოჯახის წევრების მიმართ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

პირველი არხის კითხვაზე – კახეთში განვითარებულ პროცესებზე ხომ არ გაფართოვდება დაკავებული პირების წრე, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ დაკავება იქ იქნება, სადაც სათანადო საფუძველი იარსებებს.

„იქ, სადაც საფუძველი არ იარსებებს და დევნის საფუძველი იქნება, პირდაპირ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა და ბრალი წარედგინება შესაბამის პირებს. კიდევ რამდენიმე ინდივიდუალური ქეისია, სადაც შეიძლება კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ისევე, როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ეტაპზე არსებული ვიდეომასალისა და მტკიცებულებების დამუშავების პროცესში ვართ. როგორც კი კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მოხდება, მოგახსენებთ“, – დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.