ნათია მეზვრიშვილი - როგორც კი დაგვიბარებენ, გამოკითხვაზე გამოვცხადდებით და გამოძიებას მივაწვდით ყველაფერს, რაც იმ ღამეს ხდებოდა
ნათია მეზვრიშვილი - როგორც კი დაგვიბარებენ, გამოკითხვაზე გამოვცხადდებით და გამოძიებას მივაწვდით ყველაფერს, რაც იმ ღამეს ხდებოდა

როგორც კი დაგვიბარებენ, მინისტრის მოადგილეებიც და შესაბამისი ხელმძღვანელობაც გამოკითხვაზე გამოვცხადდებით და გამოძიებას მივაწვდით ყველაფერს, რაც იმ ღამეს ხდებოდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხაზი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო გადაცდომებზე გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს და ეს გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს.

„სამოხელეო დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს და ვერც გამოიძიებს, უბრალოდ არ არის ეს ჩვენი მანდატი. გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. ჩვენმა გენერალურმა ინსპექციამ ორ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გადააგზავნა შესაბამისი მასალები პროკურატურაში“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ უწყება დაინტერესებულია გამოძიება სწრაფად წარიმართოს.

„ჩვენს ინტერესშია, რომ ეს გამოძიება სწრაფად დასრულდეს და თუ რეალურად შესაბამისი მტკიცებულებების სტანდარტით დადასტურდება, რომ უფლებამოსილების გადამეტების კონკრეტულ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, რა თქმა უნდა, შესაბამისი შედეგები უნდა დადგეს და ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია. ეს არის, რაზეც საზოგადოებას კითხვის ნიშნები აქვს და მედიასაშუალებებით გავრცელებული სამწუხარო ფაქტები ვიხილეთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მეზვრიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა მზადაა, ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.

,,როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლიციელების დაკითხვები პროკურატურაში უკვე დაწყებულია. არანაირი პრობლება არ გვაქვს – როგორც კი დაგვიბარებენ, მინისტრის მოადგილეებიც და შესაბამისი ხელმძღვანელობაც გამოკითხვაზე გამოვცხადდებით, დასამალი არაფერი გვაქვს. საგამოძიებო უწყებას მივაწვდით აბსოლუტურად ყველაფერს, რაც იმ ღამეს ხდებოდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.