ნათია მეზვრიშვილი - როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრესა და აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება
ნათია მეზვრიშვილი - როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრესა და აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება

როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება, თუ წესი დაირღვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმოქმედებენ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიმები არის საკმაოდ მკაცრი და პოლიცია დამრღვევების მიმართ შესაბამის ზომებს გამოიყენებს.

„კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში და თუ წესებს დაარღვევენ, პოლიცია მათ მიმართ გამოიყენებს შესაბამის ზომებს. ეს ჩვენთვის, საჯარო მოხელეებისთვისაც არ არის მარტივი პროცესი. პოლიცია, თავდაცვის ძალები, ექიმები, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ ადამიანების რესურსი არ არის ამოუწურავი, ამიტომ, გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ. მხოლოდ მთავრობის რეგულაციებით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, თუ მოქალაქეების მხრიდან არ იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.