ნათია მეზვრიშვილი - რამდენიმე თვეა, ხელისუფლებამ გაამრავალფეროვნა ზეწოლის, მუქარის და პოლიტიკური ნიშნით დევნის მეთოდები
ნათია მეზვრიშვილი - რამდენიმე თვეა, ხელისუფლებამ გაამრავალფეროვნა ზეწოლის, მუქარის და პოლიტიკური ნიშნით დევნის მეთოდები

ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდის პარალელურად, იზრდება პოლიტიკური ნიშნით ჩვენს მხარდამჭერებზე, წევრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ ლოიალურად არიან განწყობილები ჩვენი პარტიის მიმართ, ზეწოლა და მათი პოლიტიკური ნიშნით დევნა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროცესი, ჯერ კიდევ 11 მაისს დაიწყო.

„ჩვენ ამაზე საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ, როდესაც მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, აიპების დირექტორები, სპეციალისტები და უბრალოდ რიგითი საჯარო მოხელეები პოლიტიკური ნიშნით თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ეს ყველაფერი იძენს კიდევ უფრო სისტემურ ხასიათს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. საწყისი ეტაპისგან განსხვავებით ნიშანდობლივია, რომ დღეს უკვე ხელისუფლებამ ჩართო მთელი სახელმწიფო მანქანა. სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით დევნის მიზნებისთვის ჩვენი მხარდამჭერების და წევრების მიმართ ხელისუფლება აქტიურად იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ძალოვან უწყებებს, პოლიციას, შემოსავლების სამსახურს. ჩვენ, ბუნებრივია, პასუხისმგებლობას მთელ ამ პროცესებზე მთლიანად პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვაკისრებთ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ახალ ტენდენციას წარმოადგენს პოლიციელების დევნა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვეა ხელისუფლებამ გაამრავალფეროვნა ზეწოლის, მუქარის და პოლიტიკური ნიშნით დევნის მეთოდები.

„ზეწოლის ინსტრუმენტად დღეს უკვე ისევე, როგორც ეს ხდებოდა 2011-2012 წლებში, ხელისუფლება აქტიურად იყენებს ბიზნესზე ზეწოლის მეთოდებს. მაგალითად, შიდა ქართლში ერთ-ერთ კანდიდატად დასახელებულ პირს, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, დაემუქრნენ დაჭერით, სუს-ის, პოლიციის და შემოსავლების სამსახურის გამოყენებით. ადამიანებზე ზეწოლას ახორციელებენ, რომ, მაგალითად, ღონისძიების ჩატარებისთვის არ დაგვითმონ ფართი. ოფისის მიქირავებისგან რომ ადამიანებმა თავი შეიკავონ, ზეწოლა ხორციელდება. შიდა ქართლში იყო შემთხვევა, ბიზნესმენს, რომელიც ახლო ურთიერთობაში იმყოფება პარტიასთან, მიწები დაუყადაღეს, აჭარაში იყო შემთხვევა სადაც ბიზნესმენს 6 თვის განმავლობაში ორჯერ მიაკითხა შემოსავლების სამსახურმა. სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება სამეგრელოს რეგიონში, ხელისუფლების წარმომადგენლები დადიან რეგიონ-რეგიონ, სოფელ-სოფელ და ადამიანებს ეუბნებიან, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ხმა არ მისცენ, ვინაიდან სექტემბერში პარტიის წევრებზე, უახლოეს მომავალში აპირებენ კომპრომატების გამოქვეყნებას, ამით აშინებენ მოსახლეობას. იმ ნაწილში, სადაც ცალსახად დანაშაულის ნიშნები იკვეთება, საგამოძიებო უწყებებს ინფორმაციას მივაწვდით. ჩვენ ამ ეტაპზე ამას, პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავუგზავნით. ჩვენ, ბუნებრივია, ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რაც ჩვენს ხელთ არის, გამოვიყენებთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.