ნათია მეზვრიშვილი - პირველმა ტურმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა და მზად ვართ, მეორე ტურის ასეთივე გარემოში ჩატარება უზრუნველვყოთ
პირველმა ტურმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა და მზად ვართ, მეორე ტურის ასეთივე გარემოში ჩატარება უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ისმის ბრალდებები, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იმ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო პერიოდს და ზოგადად არჩევნებს, არასათანადო რეაგირებას ახორციელებდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამას ამბობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება თითოეული დანაშაულის ფაქტზე იყო ეფექტიანი“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩევნების დროს სამინისტროს კომპეტენციაზე ისაუბრა.
„ზოგადად, დავიწყოთ იმით, რა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია არჩევნების კონტექსტში. ჩვენ გვეკისრება ვალდებულება, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დავიცვათ და უზრუნველვყოთ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზნით, ჯერ კიდევ აგვისტოში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შევქმენით სპეციალური მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით უსაფრთხოებას იცავენ და დანაშაულის ფაქტებზე რეაგირებენ. რაც შეეხება დანაშაულებებზე რეაგირებას – ეს ადამიანები იცავენ უსაფრთხოებას. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ პირველმა ტურმა ჩაიარა მშვიდობიან გარემოში და ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთივე გარემოში ვუზრუნველვყოთ არჩევნების ჩატარება მეორე ტურის მიმდინარეობის დროსაც.
რაც შეეხება დანაშაულის ფაქტებზე რეაგირებას – სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეულ წრეებს ერთმანეთში ერევათ ინციდენტები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში არსებობს და დანაშაული, რომელზეც რეაგირება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია გახლავთ. ყველანაირ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბუნებრივია, რეაგირებას ვერ მოახდენს, ამიტომ თუ საზომი იქნება ინციდენტები, მაგალითად, რაღაც ადმინისტრაციული საარჩევნო დარღვევები, ბუნებრივია, შეიძლება იმის თქმა, თითქოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას არ ახდენს; მაგრამ, თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რეალურად რა არის სამინისტროს კომპეტენცია და ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ დღეის მდგომარეობით 22 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, იმ ძალადობრივ ქმედებებზე, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში თუ არჩევნების დღეს ჰქონდა ადგილი, თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ არა პოლიციის აქტიური ქმედებები ფიზიკური დაპირისპირების შესაძლებლობები თავიდანვე ვერ იქნებოდა აცილებული, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩვენო პერიოდში და აი ახლაც – მაშინ ობიექტურად უნდა ითქვას, რომ სამინისტრო დაკისრებულ ფუნქციებს ძალიან კარგად ასრულებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.