ნათია მეზვრიშვილი - მზად ვართ, მარიხუანას საკითხზე ნებისმიერი სამართლებრივი არგუმენტაცია მოვისმინოთ და კითხვებს ვუპასუხოთ
ნათია მეზვრიშვილი - მზად ვართ, მარიხუანას საკითხზე ნებისმიერი სამართლებრივი არგუმენტაცია მოვისმინოთ და კითხვებს ვუპასუხოთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, ნებისმიერი სამართლებრივი არგუმენტაცია მოისმინოს და კითხვებს უპასუხოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

„საკანონმდებლო ორგანოს არგუმენტებს წარვუდგენთ. მზად ვართ, ნებისმიერი სამართლებრივი არგუმენტაცია მოვისმინოთ და შეკითხვებს ვუპასუხოთ. რაც შეეხება კანონპროექტის არსს, ეს მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებული კანონპროექტია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გარკვეული სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რომლის ფარგლებში არ იყო დარეგულირებული მარიხუანას მოხმარება სად იყო დასაშვები და სად – არა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, მოხმარება დასაშვებია და ადმინისტრაციული წესითაც აღარ ისჯება პირად სივრცეში.

„გარკვეული ადგილები და ვითარება განვსაზღვრეთ, სადაც მოხმარება ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება, ასევე, დანაშაულის ქმედების ხასიათიდან გამომდინარე სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება. ერთი მხრივ, მკაცრი რეგულაციებია შემოთავაზებული, მეორე მხრივ, ისეთია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში არ იყოს და მომავალში ამ კანონის კონსტიტუციურობის საკითხი არ დადგეს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, მარიხუანას მოხმარების მხრივ გამკაცრება შესაძლებელია იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იძლევა.

„მოხმარების ნაწილში გამკაცრება შესაძლებელი იქამდეა, ვიდრე იმ ზღვარს არ გავცდებით, რაც დასაშვებად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია. თუ კანონს ისე გავამკაცრებთ, რომ სასჯელის არაპროპორციულობის საკითხი ხვალ ისევ დადგება, ასეთი კანონის მიღება არავის სურს, არც პარლამენტში და არც მთავრობაში“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, თუ კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყება, შსს პროცესში მისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას.

„საკითხის გადადება პარლამენტის გადასაწყვეტია, არგუმენტი მოვისმინეთ, რასაც ვიზიარებ. საზოგადოებას საკითხზე მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები ცალკე განიხილება. კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა კი, ჯერ შეჩერებულია და კონსულტაციები გაგრძელდება.